logo
ENG



"გამოსავალს ვხედავთ პროევროპულ ერთიანობაში" - 3 პარტია მიზნების გარშემო გაერთიანდა

26 ოქტ 202220:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/26/betasynagcz4l9a.jpg

სამი ოპოზიციური პარტიის დროას, გირჩი -მეტი თავისუფლებისა და სტრატეგია აღმაშენებლის განცხადებით, ქმნიან პროევროპულ ერთობას, რომლის მიზანიც, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და ქართული ოცნების დამარცხებაა.

პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ ჩიხურ სიტუაციაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება გამოსავალი პროევროპულ ერთიანობაშია - ამას ელიან დასავლელი პარტნიორები და ქართველი ხალხი.

„ჩვენ, სამივე: დროა, გირჩი - მეტი თავისუფლება და სტრატეგია აღმაშენებელი, გამოსავალს ამ ჩიხური სიტუაციიდან ვხედავთ ერთიანობაში, როგორც სამოქმედო გეგმის კუთხით, ასევე როგორც გინდათ, პოლიტიკურ, არაპოლიტიკურ, პროევროპულ დიდი ერთიანობაში. სხვა გზა არ არის და ამას ელოდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, მაგრამ პირველ რიგში ამას ელოდება ჩვენი ქართველი ხალხი" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ვაშაძის აზრით, ერთობის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს და ამ ეტაპზე ამ სამ პარტიას აქვს სრული სინერგია. თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ ამ პროცესში, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები და "საზოგადოებისთვის აქტიური და ცნობილი ადამიანებიც" ჩაერთვებიან.

„ღიად გეტყვით, ჩვენ ყველასთან გვაქვს საუბარი... არ დაგიმალავთ, რომ ივლისის მერე ძალიან დიდი დრო დავხარჯეთ, რომ აგვეხსნა ჩვენი პოზიციები. ამ სამ პოლიტიკურ ძალას გვაქვს სინერგია და არა მხოლოდ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებისთვის საკმაოდ აქტიურ და ცნობილ ადამიანებს აქვთ სრული სინერგია ამაში და დარწმუნებული ვარ, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან. სხვები ჯერ ფიქრობენ, ზოგს სხვა გზა აქვს. რაც მეტი ვიქნებით მით უკეთესია, მით სწრაფად და მარტივად დავამარცხებთ ამ ბნელ ძალას რომელიც დაეპატრონა ჩვენს სამშობლოს" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე კი ამბობს, რომ იმისთვის რომ საქართველო პროევროპული სივრცის ნაწილი გახდეს, უკიდურესად მნიშვნელოვანია ოპოზიციის გაერთიანება და ქართული ოცნების ერთობლივი მოქმედებით დამარცხება.

"ქვეყანას აქვს არჩევანი გასაკეთებელი, ან მივდივართ დასავლეთისკენ და ევროპისკენ, ან ვრჩებით რუსეთის გავლენის ქვეშ. ამ მოცემულობაში მგონია, რომ ოპოზიციის გაერთიანება ამ საერთო მიზნისკენ, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

სხვა, გაერთიანების, კოორდინაციის და ერთობლივი მოქმედების გარეშე ამ სისტემის და ამ მონსტრის დამარცხება, ივანიშვილით სათავეში, უკიდურესად რთულია, ყველასთან ვსაუბრობთ და ვცდილობთ, რომ გადაკვეთის წერტილები ვიპოვოთ" - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ მთავარ არხთან ინტერვიუში.

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია კი ამბობს, რომ უკვე გაერთიანდნენ ის პარტიები, რომელთა პოზიციებიც ამ ეტაპზე ერთმანეთს ემთხვევა და ისინი განაგრძობენ მუშაობას, რათა ამ გზის სისწორეში სხვა ოპოზიციური პარტიებიც დაარწმუნონ.

"მე, ზურას და გიორგის ამ ეტაპისთვის პოზიციების სრული თანხვედრა გვაქვს და ერთად ვიმუშავებთ, ვიმუშავებთ სხვა პარტიებთან რომ დავარწმუნოთ, ჩვენი გზის სისწორეში. თუ ჩვენ, ვთქვათ, რაღაც საერთო ერთობას ამ ეტაპისთვის ვერ ვაკეთებთ განსხვავებული პოზიციების გამო, ეს ამას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ზურგს ვაქცევთ“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ მთავარ არხთან ინტერვიუში.

 

close დახურვა